ეჭვები ლოცვისას ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 5:22-23
მოუბრუნდა უფალს მოსე და უთხრა: „უფალო! რად უბოროტე ამ ხალხს, რატომ მომავლინე? იმ დღიდან, რაც ფარაონთან შენი სახელით მივედი სალაპარაკოდ, ბოროტად ექცევა ამ ხალხს, შენ კი არ გამოგიხსნია შენი ხალხი”.

დაბადება 15:2-3
უთხრა აბრამმა: „უფალო ღმერთო! რა უნდა მომცე? უშვილოდ გადავდივარ და დამასკოელი ელიეზერია ჩემი სახლის განმგებელი”. თქვა აბრამმა: „შთამომავალი არ მომეცი და ჩემს სახლში შობილი მსახური გამიხდება მემკვიდრე”.

3 მეფეთა 19:4
თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, მივიდა ერთ ბელეკონის ბუჩქთან და მის ქვეშ დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: “ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სიცოცხლე, რადგან არა ვარ ჩემს მამებზე უკეთესი”.

იერემია 15:15-18
შენ იცი, უფალო. გამიხსენე, მომინახულე და შური იძიე ჩემ გამო ჩემს მდევნელებზე; შენი სულგრძელობით ნუ განმირისხდები. შენ იცი, რომ შენ გამო ვიტან დამცირებას. ვპოვე შენი სიტყვები და ვჭამე ისინი. სიხარულად მექცა შენი სიტყვები და გულის მხიარულებად, ვინაიდან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო. არც მოლაყბეთა წრეში ვმჯდარვარ და არც მიმხიარულია; შენი ხელის წინაშე ვიჯექი მარტოობაში, რადგან რისხვით ამავსე. რად გამიგრძელდა ტკივილი სამუდამოდ? რატომ არ ინკურნება ჩემი დამაუძლურებელი ჭრილობა? თითქოს მაცდურ წყაროდ და არასაიმედო წყლად მექეცი.

იერემია 20:7-9
შენ დამიყოლიე, უფალო, და დაგყევი; შენ ძლიერი ხარ და მძლიე; მთელი დღე დამცინიან, ყველა მე დამცინის. რადგან, როგორც კი ავლაპარაკდები, ხმამაღლა ვღაღადებ: ძალადობა და ნგრევაა-მეთქი! ამის გამოა, რომ უფლის სიტყვა დამცირებად და დაცინვად გადამექცა ყოველდღე. ვთქვი: „აღარ გავიხსენებ უფალს და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით”, მაგრამ სიტყვა ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლები გამიხურდა; ვეცადე დამეოკებინა, მაგრამ ვერ შევძელი.

იონა 4:1-3
ძლიერ გაღიზიანდა იონა და გამწარდა. შეღაღადა უფალს და უთხრა: „გემუდარები, უფალო, განა ამას არ ვამბობდი ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ყოფნისას? ამის გამო გავიქეცი თარშიშს, რადგან ვიცოდი, რომ შემწყნარებელი ღმერთი ხარ და მიმტევებელი, სულგრძელი და დიდმოწყალე, და თავს არიდებ დასჯას. ახლა კი, უფალო, გემუდარები, წაიღე ჩემი სიცოცხლე, რადგან სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს!”

ფსალმუნები 21:1
ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? რატომ ხარ შორს, როცა საშველად შემოგღაღადებ?

იობი 10:2-22
ვეტყვი უფალს: მსჯავრს ნუ მდებ, გამაგებინე, რისთვის მდევნი? განა კარგია შენთვის, რომ მთრგუნავ, რომ უკუაგდე შენი ხელის ქმნილება და ახალისებ ბოროტთა მზაკვრობას? ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები? ნუთუ შენი დღეებიც მოკვდავის დღეებივითაა? ან კაცის დღეებივითაა შენი წლები? ჩემს ბრალს რომ ეძებ და ცოდვას იკვლევ, თუმცა იცი, რომ ბრალი არა მაქვს, და არავინაა შენი ხელიდან ჩემი გამომხსნელი. მთლიანად შენი ხელით ვარ გამოძერწილი და შექმნილი და შენვე მანადგურებ?! გაიხსენე, თიხასავით რომ გამომძერწე; ისევ მტვრად მაქცევ? განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე? ტყავითა და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე. სიცოცხლე და სიკეთე მომმადლე, შენმა მზრუნველობამ შემოინახა ჩემი სული. მაგრამ ამასაც ინახავდი შენს გულში, ვიცი, რომ ესეც გქონდა განზრახული: თუ შეგცოდავდი, არ მომერიდებოდი, ბრალს არ მომიტევებდი; თუ უკეთური ვარ – ვაი ჩემს თავს! თუ მართალი ვარ – თავს ვერ ავწევ, სავსე ვარ სირცხვილით. შეხედე ჩემს სივაგლახეს. წამოვიწიო? – ლომივით ნადირობ ჩემზე და კვლავ შენს საოცრებებს ახდენ ჩემზე, შენს მოწმობებს ანახლებ ჩემს წინააღმდეგ და აძლიერებ შენს რისხვას, ჯარი ანაცვლებს ჯარს ჩემს წინააღმდეგ. საშოდან რად გამომიყვანე? მოვმკვდარიყავი, რომ თვალით არავის ვეხილე. ვყოფილიყავი, როგორც არყოფილი, საშოდან საფლავში ჩამასვენებდნენ. განა მცირე არ არის ჩემი დღენი?! დამეხსენ, რომ ცოტათი მაინც გავიხარო, სანამ წავიდოდე უკანმოუსვლელში, ბნელეთისა და აჩრდილთა ქვეყანაში; წყვდიადის ქვეყანაში, თვით წყვდიადში, აჩრდილთა უწესრიგო ქვეყანაში, სადაც ნათელიც კი ბნელივითაა”.

იობი 13:20-27
მხოლოდ ორ რამეს ნუ მიზამ და არ დავემალები შენს სახეს. შენი ხელი მომარიდე და შენმა შიშის ზარმა არ შემაძრწუნოს! მაშინ მომიხმე და გიპასუხებ; ან მათქმევინე და შენვე გამეცი პასუხი! რა უმართლობა მაქვს და რამდენი ცოდვა? მაუწყე ჩემი ურჩობა და ცოდვა! სახეს რად მიმალავ, რატომ მიმიჩნევ შენს მტრად? ნუთუ მომწყდარ ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას დევნი? რადგან სიმწარეს წერ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი სიჭაბუკის ცოდვებს მაზღვევინებ. ხუნდებს მადებ ფეხებზე, უდარაჯებ ყველა ჩემს გზას და ფეხდაფეხ მომყვები!

ფსალმუნები 12:1-2
როდემდე დამივიწყებ უფალო, სამუდამოდ? როდემდე დაფარავ შენს სახეს ჩემგან? როდემდე ვატარო ტანჯვა სულში და მქონდეს ყოველდღიური ნაღველი გულში? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე?

ფსალმუნები 41:9-10
ვეტყვი ღმერთს, ჩემს კლდეს – რად დამივიწყე? რატომ დავდივარ მგლოვიარე, მტრისგან შეჭირვებული? თითქოს ძვლებს მიმტვრევდნენო, როცა მლანძღავდნენ ჩემი მტრები და მეუბნებოდნენ მთელ დღეს: სად არისო შენი ღმერთი?

ფსალმუნები 43:22-26
შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი. გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო? გამოფხიზლდი, ნუ უკუგვაგდებ სამარადისოდ. შენ სახეს რად გვიმალავ? ივიწყებ ჩვენს ტანჯვასა და გაჭირვებას? რადგან მტვრამდე დამდაბლდა ჩვენი სული, მიწას მიეწება ჩვენი მუცელი. აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობისამებრ!

ფსალმუნები 76:7-9
ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მისურვებს? ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა და საუკუნოდ დასრულდა მისი აღთქმა? ნუთუ სამუდამოდ დაივიწყა ღმერთმა შებრალება? ნუთუ წყალობას დაგვიკავებს თავისი რისხვით?

ფსალმუნები 79:4-6
უფალო, ძალთა ღმერთო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე? ცრემლიანი პურით გამოკვებე ისინი და ცრემლებს ცრემლებზე ასმევ. შუღლის მიზეზად გვაქციე მეზობლებს შორის და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ.

ფსალმუნები 87:6-9
ქვესკნელის ორმოში მომათავსე, ბნელეთში, სიღრმეებში. შენი რისხვა დამატყდა თავს და ყველა შენმა ტალღამ ჩემზე გადაიარა. შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დატყვევებული ვარ და ვერ გამოვდივარ. თვალები მომექანცა ტანჯვით; ყოველდღე მოგიხმობდი, უფალო, შენკენ ვიწვდიდი ხელებს.

აბაკუმი 1:2-3
როდემდე უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? ვღაღადებდე შენ წინაშე ძალადობის გამო და არ მიხსნიდე? რატომ მაჩვენებ ურჯულოებას და მახილვინებ ბოროტებას? ძარცვა და ძალადობაა ჩემ წინაშე, დავა და შუღლი მატულობს.

Close
Close