1 თესალონიკელთა 4:9
ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, თქვენ ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში.
რომაელთა 12:10
ძმათმოყვარეობაში – ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით.
1 იოანეს 4:7-21
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგანაა სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენშია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის – ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენ ვიხილეთ და ვამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი – ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში. სიყვარულმა ჩვენში მიაღწია ისეთ სრულყოფას, რომ გულდაჯერება გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორიც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილ. ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს? და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.
რომაელთა 13:8-10
არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს. რადგან: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ ინდომო” და სხვა რამ მცნებაც შედის ამ სიტყვაში: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.” სიყვარული არ უბოროტებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.
იოანეს 13:34
ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
2 პეტრეს 1:5-7
ამისათვის ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ, რათა შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება და სათნოებას – ცოდნა, ცოდნას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, მოთმინებას – ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას – სიყვარული.
ებრაელთა 13:1
ძმური სიყვარული დარჩეს.