1 მეფეთა 17:1-2
და შეჰყარეს ფილისტიმელებმა საომრად ლაშქარი, და შეიკრიბნენ იუდეის სოქოთში და დაიბანაკეს სოქოთსა და ყაზეკას შორის, ეფეს-დამიმში, ხოლო საული და ისრაელი შეიყარნენ და დაბანაკდნენ მუხნარის ველზე, და დაეწყვნენ ფილისტიმელებთან საბრძოლველად.
1 მეფეთა 17:4-9
და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე. და თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და ჯაჭვის ჯავშანი ემოსა. და ჯავშნის წონა ხუთი ათასი შეკელი იყო. ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა და მხარზე სპილენძის ჰოროლი ჰქონდა გადებული. და მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო. შუბის რკინის წვერი ექვსას შეკელს იწონიდა, წინ ფარის მტვირთველი მოუძღოდა. და მოდგა იგი და შესძახა ისრაელის რაზმებს: „რატომ გამოხვედით საბრძოლველად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ, ან თქვენ საულის მსახურნი არა ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან. თუ გამიმკლავდება და დამამარცხებს, თქვენი მსახურები გავხდებით. თუ მე გავუმკლავდი და დავამარცხე, თქვენ გაგვიხდით მსახურებად და გვემსახურეთ.”
1 მეფეთა 17:12-14
დავითი იყო შვილი იმ ეფრათელისა, იუდას ბეთლემიდან, რომელსაც სახელად ერქვა იესე და რვა ვაჟიშვილი ჰყავდა. საულის დღეებში მოხუცებული იყო ეს კაცი, ხანდაზმული. და წაჰყვა საულს ბრძოლაში იესეს სამი უფროსი ვაჟიშვილი. ომში წასული მისი ვაჟიშვილების სახელები იყო: პირმშოსი – ელიაბი, მომდევნოსი – აბინადაბი, მესამესი – შამა. დავითი კი მათზე უმცროსი იყო. და წაჰყვა სამი უფროსი საულს.
1 მეფეთა 17:17
და უთხრა იესემ დავითს, თავის ვაჟიშვილს: „აიღე ეს ერთი ეფა ხალი. ეს ათი პური, და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
1 მეფეთა 17:25-27
და ამბობდნენ ერთმანეთში ისრაელის ძენი: „ხედავთ ამ კაცს, რომ აღზევებულა? ისრაელის შესარცხვენად აღზევდა იგი. მის მძლეველს დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზატებს ისრაელში.” და უთხრა დავითმა ახლოს მდგარ კაცებს: „რა ბედი ეწევა კაცს, ვინც ამ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს მოხოცავს ისრაელს? რადგან ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ცოცხალი ღვთის რაზმებს?” უთხრა მას ხალხმა იგივე სიტყვები: ასეთი და ასეთი ბედი ეწევა კაცს, ვინც მას დაამარცხებსო.
1 მეფეთა 17:31-37
და გაიგონეს დავითის ნათქვამი სიტყვები და მიუტანეს საულს, და მოაყვანინა იგი. და უთხრა დავითმა საულს: „ნურავის გული ნუ შედრკება მის წინაშე. წავა შენი მსახური და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს.” და უთხრა საულმა დავითს: „ვერ გახვალ საბრძოლველად მაგ ფილისტიმელთან, რადგან შენ ყმაწვილი ხარ, ის კი მებრძოლია სიყრმიდანვე.” და უთხრა დავითმა საულს: „მწყემსავდა შენი მსახური თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს, გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი. ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მსახური. ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს.” და თქვა დავითმა: „უფალი, რომელსაც დავუხსნივარ ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისაგან.” და უთხრა საულმა დავითს: „წადი, უფალი იყოს შენთან!”
1 მეფეთა 17:40-51
და აიღო ხელში თავისი კომბალი, გამოარჩია ხუთი რიყის ქვა და ჩაყარა ისინი მწყემსის გუდაში, რომელსაც თან ატარებდა. და შურდულით ხელში გავიდა ფილისტიმელთან. და გამოვიდა ფილისტიმელიც და წავიდა დავითისაკენ. წინ ფარისმტვირთველი მიუძღოდა. და დაინახა ფილისტიმელმა დავითი და სასაცილოდ აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო იგი და წითური, ლამაზი შესახედავიც. და უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „ძაღლი ხომ არა ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ ჩემთან.” და დაწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით. და უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს მივცე შენი გვამი.” და უთხრა დავითმა ფილისტიმელს: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი. დღეს ჩაგაგდებს უფალი ჩემს ხელში და დაგამარცხებ, და თავს მოგაცლი, ფილისტიმელთა ბანაკის გვამებს კი ცის ფრინველთ და მიწის მხეცებს მივცემ დღეს, და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი, და ხელში ჩაგვიგდებს თქვენს თავს.” როცა აღიმართა ფილისტიმელი და მოახლოვდა დავითთან შესახვედრად, ისწრაფა დავითმა და გაიქცა მწყობრისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად. და ჩაჰყო ხელი დავითმა გუდაში და ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს. და შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი. და სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით. დაამარცხა ფილისტიმელი და მოკლა იგი. და მახვილი არ სჭერია დავითს ხელში. და მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს. და აიღო მისი მახვილი, ქარქაშიდან იშიშვლა და მახვილით მოსჭრა თავი. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, და გაიქცნენ.